Nil sine labore


ყველაფერი შრომით მიიღწევა


ინტერაქტიული სწავლება

ინტერაქტიული სწავლება ორმხრივი პროცესია, რომლის დროსაც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობის ფორმირებაში. სწავლების ეს ფორმა გულისხმობს ისეთი აქტივობების გამოყენებას, რომელთა მეშვეობითაც ყველა მოსწავლე ჩართულია სასწავლო პროცესში.მოსწავლეები მთავარ როლს ასრულებენ საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესებში: პასუხობენ კითხვებს, თანამშრომლობენ ჯგუფური მუშაობის დროს, ერთვებიან დისკუსიაში, გამოთქვამენ აზრს და ა.შ. ამგვარად, ინტერაქტიული სწავლება ორიენტირებულია არამარტო ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც. 

ინტერაქტიული სწავლებისას საუკეთესო შედეგები მიიღწევა სწავლება-სწავლისა და შეფასების სხვადასხვა მეთოდის თანაბარი გამოყენებით. მოსწავლე პროცესების თანაავტორია, ერთგვარი შემოქმედია. მისმა ინიციატივებმა, აღმოჩენებმა, პრობლემის განსხვავებულ ჭრილში დანახვამ შეიძლება ძირეულად შეცვალოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა. ეს ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.

სწავლება-სწავლის ამგვარი ფორმა ითვალისწინებს მასწავლებლისა და მოსწავლეების აქტიურ ურთიერთობას და მათი როლების შეცვლას, რაც გულისხმობს ავტორიტარული, მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ჩანაცვლებას მოსწავლეზე ორიენტირებულით.